ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრები მწვრთნელს არჩევს - ცხადაძე, ბილიჩი, სტოილოვი
ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ერთა თასის D ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს, ლატვიისა და ანდორას ნაკრებებთან ერთად მოხვდა, მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი.
ნაკრები იანვარში რუსმა ალეკსანდრ ბოროდიუკმა დატოვა, რომელთანაც ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი ვადამდე გაწყვიტა.
ბოროდიუკის შემცვლელად ყაზახურ მედიაში რამდენიმე გვარი სახელდება. ერთ-ერთი მათგანი კახა ცხადაძეა – ქართველი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2015 წელს წვრთნიდა და მედიის აზრით, ყოფილი გუნდთან გამკლავებას სხვებზე უკეთ მოახერხებს.
მეორე კანდიდატურა დღეს დასახელდა – ლაპარაკია სლავენ ბილიჩზე. 49 წლის ხორვატის აგენტმა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები დაიწყო. ბილიჩს 2-წლიან თანამშრომლობას სთავაზობენ. ის ხორვატიის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელთან ერთადაც ევრო 2012-ის შესარჩევში საქართველოს დაუპირისპირდა და თბილისში დამარცხდა. უმუშავია „ჰაიდუკში“, „ბეშიქთაშში“, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და „ვესტ ჰემში“.
მესამე კანდიდატურა კი „ასტანას“ დამრიგებელი ბულგარელი სტანიმირ სტოილოვია, რომელიც ორჯერ იყო ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ყაზახური გუნდი 2014 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ ჩემპიონობას არავის უთმობს. ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც ყაზახური გუნდი ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, ხოლო ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ასტანა“ პლეი-ოფში მოხვდა.
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ნაკრებს მწვრთნელს 10 თებერვლის შემდეგ დანიშნავენ, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.