ყაზახეთის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ყაზახეთის რესპუბლიკის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი განახორციელებს, – ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. შეხვედრაზე ფრენების სიხშირის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
ჯაბა ფუტკარაძემ SCAT-ის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.
შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიშა კოპლატაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ყველაზე რეიტინგული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აჭარის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება.
ამასთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით (1 330 861 ვიზიტი) აღდგენილია 82%-ით, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი ზრდა 178%-ია.
რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი) 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 124%-ით (209 569). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 460%-ია.