ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელისთვის ფავორიტი მეტოქე საქართველოა - უნდა დავარწმუნოთ ფეხბურთელები, რომ შიშით არ ითამაშონ
სტანიმირ სტოილოვმა ერთა ლიგის გათამაშების დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა და ჯგუფის ფავორიტებზე ილაპარაკა – ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მეტოქეებიდან საქართველო გამოარჩია.
„ერთა ლიგა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მშვენიერი საშუალებაა. ჯგუფში ყველა გუნდს თანაბარი შანსი გააჩნია. თუმცა, ფავორიტი საქართველოა. თუკი ამხანაგური შეხვედრების მსგავსად, ერთა ლიგაზეც ვითამაშებთ, ყველაფრი კარგად იქნება. საქართველო კომპაქტური გუნდია. დაცვაში ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც ძლიერ ევროპულ და რუსულ კლუბებში გამოდიან. მაგრამ ფეხბურთს მხოლოდ სახელები ვერ იგებენ. ჩვენი ნაკრებიდან უცხოურ ჩემპიონატში მხოლოდ საიდახმეტი თამაშობს. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ფეხბურთელები, რომ შიშით არ ითამაშონ და თავდაჯერებულები იყვნენ. მაშინაც კი, თუ საქართველოს დავამარცხებთ, შესაძლოა ქულები ანდორაში დავკარგოთ. აქედან გამომდინარე, ყოველ მატჩში სერიოზულად უნდა განვწყოთ“, – ამბობს სტოილოვი.
ყაზახთა ბულგარელმა მწვრთნელმა ნაკრების პრობლემებზეც ილაპარაკა.
„ჩენი მოთამაშეების ნახევარი გუნდებში არ თამაშობს. განსაკუთრებით თავდამსხმელების საკითხი მაწუხებს. გამოძახებულების ნახევარს მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვთ. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება განწყობისა და მონდომების ხარჯზე შეიძლება. ამავე დროს, პასპორტის პრობლემა შეექმნა ალექსანდრ მერკელს, რომელსაც ყაზახად განვიხილავთ. რაც შეეხება „ასტანას“ მოთამაშებს, ევროთასებზე თამაშის შემდეგ მოსამზადებლად და ძალების აღსადგენად დრო აქვთ,-განაცხადა მან.