ყაზახეთის კრივის ფედერაცია ბაზარბაი მუხამედსაბირის ლაშა გურულთან წაგებას საერთაშორისო ორგანიზაციაში აპროტესტებს [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველთათვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს შუააზიური გამოცემა „აკიპრესი“: ყაზახეთის კრივის ფედერაციამ კრივის საერთაშორისო ფედერაციაში აპელაცია შეიტანა ლაშა გურულისა და ბაზარბაი მუხამედსაბირს ბრძოლის შედეგთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, ლაშამ ყაზახი მეოთხედფინალში დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ყაზახეთის კრივის ფედერაციის გენერალურ მდივნის, ჟანარ უტეშევას განცხადებით, მათი მხარე ითხოვს ოფიციალურ განმარტებას, რატომ მიენიჭა გამარჯვება ქართველ მოკრივეს:
„ჩვენ გვჯერა, რომ ბაზარბაი მუხამედსაბირმა გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა შევიტანეთ აპელაცია, რომ მოვისმინოთ ახსნა-განმარტება შედეგთან დაკავშირებით. ვიცით, რომ შედეგი აღარ შეიცვლება, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ კრივში მუდამ იყოს სამართლიანობა“.