ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის მიწოდების გაზრდას გეგმავს. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანის პრეიზდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს.
ყაზახეთის დედაქალაქში გამართული შეხვედრისას პრეზიდენტებმა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თოყაევის თქმით, პრიორიტეტული ამოცანაა მსოფლიო ბაზრებზე ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირება.
„ჩვენი შეთანხმებების დახმარებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის გავლით მოხდა ყაზახური ნავთობის პირველი პარტიის გაგზავნა. მომდევნო ნაბიჯია მიწოდების მოცულობის გაზრდა და ამისთვის გრძელვადიანი, სტაბილური ხასიათის მიცემა. ვისარგებლებ შემთხვევით და აზერბაიჯანის ლიდერს მადლობას გადავუხდი ამ მნიშვნელოვანი ინიციატივების პირადი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ყაზახ კოლეგასთან განიხილა შუა დერეფნით ტვირთების ტრასპორტირების გაზრდის გრაფიკი.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობები არის ჩვენი თანამშრომლობის მომავალი განვითარების მყარი ფუნდამენტი. დღეს ჩვენ მას ვავსებთ კონკრეტული შინაარსით და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ბაქოში აგვისტოში, უკვე ხორციელდება. როგორც პრეზიდენტმა თოყაევმა აღნიშნა, მათ შორის არის აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის დაწყება, შუა დერეფნის შესაძლებლობების სრულად ამოქმედებისთვის ჩვენი ქვეყნების სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურების გაერთიანების სერიოზული სამუშაოების დაწყება. დღეს ჩვენ განვიხილეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ტვირთების ტრანსპორტირების გაზრდის კონკრეტული ციფრები, კონკრეტული გრაფიკი და მივეცით დავალებები შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომ უახლოეს დროში ყველა ეს საკითხი დამუშავდეს“, – განაცხადა ალიევმა.