ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ორი ასისტი შეასრულა - ქართველის გუნდი მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „შენდონ ტაიშანს“ „კავასაკი ფრონტალესთან“ მოგებაში დაეხმარა. ვაკოს გუნდმა 4:2 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ყაზაიშვილმა ორივე თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა. პირველი შეხვედრა ჩინეთში გაიმართა და იაპონურმა კლუბმა 3:2 მოიგო. განმეორებითი თამაში კი „შენდონ ტაიშანმა“ შესანიშნავად დაიწყო და პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.
მე-8 წუთზე ანგარიში კრიზანმა გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე გაო ჟუნმა „შენდონის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. ჩინელების მეორე გოლში ვაკო ყაზაიშვილის როლი მნიშვნელოვანი იყო – მან თანაგუნდელს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა. სოტა მიურამ 30-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. 43-ე წუთზე გატანას ყაზაიშვილი შეეცადა, მაგრამ ბურთი კარს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა.
გადამწყვეტი აღმოჩნდა კრიზანის გოლი, რომლის დროსაც პასი კვლავ ყაზაიშვილმა შეასრულა, 3:2. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე (90+7) კი ბრაზილიელმა ჟადსონმა საჯარიმოდან გაიტანა და ჩინურ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ორი მატჩის ჯამში „შენდონ ტაიშანმა“ „კავასაკი ფრონტალე“ დაამარცხა (2:3, 4:2) და აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს, სადაც „ბაკონგ იუნაიტედისა“ და „იაკოჰამა მარინოსის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.