ყატარსა და გერმანიას შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა
ყატარსა და გერმანიას შორის ხელი მოეწერა დეკლარაციას ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ, რომელიც ფოკუსირებულია წყალბადითა და და თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) ვაჭრობაზე. ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ იტყობინება.
მედიის ცნობით, დღეს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს რეგულარულ შეხვედრებს ორივე ქვეყნის ხელისუფლებებს შორის და ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელიც ორიენტირებულია LNG-სა და წყალბადზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე განახლებად ენერგიაზე.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ყატარი თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია და შეასრულებს ცენტრალურ როლს გერმანიის სტრატეგიაში, რუსული იმპორტისგან დივერსიფიკაციის კუთხით.
„ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გერმანია განავითარებს თავის ინფრასტრუქტურას, რათა შეძლოს თხევადი გაზის იმპორტი ხომალდით“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიისთვის რუსეთი ამჟამად გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია და ოფიციალური ბერლინი მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად შესაბამის გზებს ეძებს.