ყარაჯალარში სოციალურად დაუცველ 82 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში იმყოფებოდა.
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ლელა აქიაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ყარაჯალარში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები 82 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
დახმარების აქცია კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერას, კოვიდპანდემიით გამოწვეული ახალი საჭიროებების გათვალისწინებით. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ყარაჯალარში, სადაც სულ ცოტახნის წინ დასრულდა კარანტინის რეჟიმი. დღეს გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენ 82 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავცემთ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს, რაც ვფიქრობთ, გარკვეული დროით შეამსუბუქებს მათ მდგომარეობას. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც კარდაკარ პრინციპით დარიგდა 600 000-ზე მეტი ნაბეჭდი საინფორმაციო მასალა, ამ პროცესში ჩართული იყვნენ და მხარს გვიჭერდნენ საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი ხელისუფლება, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.