ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელმა, თორნიკე ბიბილეიშვილმა გააკეთა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და გამოყენების ფაქტების გამოსავლენად.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს ოთხი პირი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი, ყალბი აქტივის ხარჯზე, განაბაჟეს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი, რომელიც სამ მილიონ 500 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამოძიების პროცესში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ იქნა ბრალდებულთა უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები ხსენებული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით“, – განაცხადა თორნიკე ბიბილეიშვილმა.