ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე რვა მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მიეცა
ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე რვა მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე რვა მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის, მათ შორის შეშის რეალიზაცია, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, საქონლის რეალიზაციის პროცესში არ ახდენდნენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გაწერას. ნაცვლად ამისა, განსახორციელებელი ოპერაციის შენიღბვის მიზნით, ახდენდნენ საქონლის ვითომდა შიდა გადაზიდვის ზედნადებების გაწერას, ხოლო საქონლის რეალიზაციის შემდეგ, აღნიშნული ზედნადებების გაუქმებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.