ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვა გაგრძელდება. საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს და ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთი წარმომადგენელი.
გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გამოკითხვისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ დაასახელეს სად და ვის მიერ იქნა გამართული თათბირი, სადაც, მათი ინფორმაციით, გაიცა შესაძლო უკანონო დავალება. ასევე, პროკურორის ინფორმაციით, ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე ფაქტობრივად იმეორებდნენ მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ტექსტს და რაიმე კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით მათ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
გულუაშვილის თქმით, ყველა მათგანს განემარტა, რომ თუ ისინი ვარაუდობენ, რომ ინფორმაციის გამჟღავნებით შესაძლოა, რაიმე საფრთხე დაემუქროს პირს, რომელსაც ისინი თავიანთ წყაროს ასახელებენ, საგამოძიებო უწყება მზად არის, ეს პიროვნება ჩართოს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება.
„არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელ დირექტორებს გამოკითხვისას დაესვათ შეკითხვა იმის თაობაზე, რომ გამოძიებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია მათ ხელთ არსებული ინფორმაციის უშუალო წყაროს თაობაზე, ანუ დაესახელებინათ კონკრეტული პირი, ვისგანაც ფლობდნენ ინფორმაციას, შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებაში. სამივე მათგანმა, მოახდინა რა აპელირება გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონზე, განაცხადეს, რომ ისინი უარს აცხადებენ აღნიშნული პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამჟღავნებაზე და შესაბამისად, გამოძიებას არ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი პირისაგან ფლობენ ინფორმაციას დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ყველა მათგანს განემარტა, რომ თუ ისინი ვარაუდობენ, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნებით შესაძლოა ამ პირს დაემუქროს რაიმე საფრთხე, საგამოძიებო უწყება მზად არის აღნიშნული პირი ჩართოს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება. არც ერთი მათგანი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან და არ აწვდით მათ ინფორმაციას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით”,- განაცხადა პროკურორმა.
ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ დასახელებული გაუმჟღავნებლობის მიზეზი არ არის შესაბამისობაში სსსკ-ს რომელიც არის სახელმძღვანელო ნორმატიული აქტი გამოძიების ეტაპზე.
„ამ აქტის 50-ე მუხლის თანახმად, არის განსაზღვრული კონკრეტულ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც თავისუფლდებიან სამართალდამცავუ ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან. არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორები ამ ჩამონათვალში არ არიან მითითებულები, შესაბამისად აღნიშნული პირები არ თავისუფლდებიან ამგვარი ვალდებულებისაგან. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, როგორც აღინიშნა, მოწმეთა ჩვენებები, ვგულისხმბ არასამთავრობოების აღმასრულებელ დირექტორებს, იყო ზოგადი შინაარსის, ისინი ფაქტობრივად იმეორებდნენ იმ ტექსტს, რაც მათ მიერ საჯაროდ იქნა გავრცელებული, რაიმე კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით მათ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. როგორც აღინიშნა, არ მიაწოდეს ინფორმაცია გამოძიებას უშუალოდ ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებით, ვერ დაასახელეს სად და ვის მიერ იქნა გამართული თათბირი, რომელზედაც მათი ინფორმაცით გაიცა შესაძლო უკანონო დავალება, ამიტომ მათი ჩვენება არის ზოგადი ხასიათის, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაექვემდებარება შემოწმებას, ჩატარდება სრულყოფილი გამოძიება, ყველა იმ გარემოების შემოწმების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“,- აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.
პროკურორის თქმით, რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ მიუთითეს, ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ რაიმე სახის თათბირს, რომელზედაც შესაძლოა გაცემული ყოფილიყო მსგავსი უკანონო ბრძანებები, ადგილი არ ჰქონია, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
„რაც შეეხება სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს, როგორც NGO-ების დირექტორებმა დააფიქსირეს, თათბირი, რომელზედაც ისინი საუბრობენ, რომელზედაც თითქოს მოხდა უკანონო ბრძანების გაცემა, დაახლოებით განხორციელდა 5 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე პირობებში. როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის ჩვენებიდან ირკვევა, და ეს ასევე დასტურდება საზღვრის კვეთის მონაცემებით, ეს პირი საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდში არ იმყოფებოდა, შესაბამისად იგი ფიზიკურად ვერ მიიღებდა მონაწილეობას საქართველოში გამართულ თათბირში“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანია, დაადგინოს ჭეშმარიტება, დაადგინოს ყველა დანაშაულებრივი ფაქტი, თუ მას ადგილი ჰქონდა, გამოძიების მიერ ყველა შესაძლო კანონიერი გზით იქნება მოპოვებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა საჭირო ინფორმაცია, დაიკითხება ყველა ის პირი, რომლის შესახებაც გამოძიებას ექნება ინფორმაცია, და რომლებიც გამოძიებას მიაწვდიან ინფორმაციას განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს 362-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას მისი გასაღება-გამოყენების მიზნით.
ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ირმა პავლიავშილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ.