ლევან ნატროშვილი - ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვის საკითხზე წყაროსთან ერთ შეხვედრას ვესწრებოდი, არ ვიცი, სულ რამდენი შეხვედრა შედგა
ლევან ნატროშვილი - ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვის საკითხზე წყაროსთან ერთ შეხვედრას ვესწრებოდი, არ ვიცი, სულ რამდენი შეხვედრა შედგა

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი გამოიკითხა.

როგორც ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, პროკურატურას დაახლოებით იგივე ინფორმაცია მიაწოდა, რაც ეკა გიგაურმა, რადგან განსხვავებული ინფორმაცია არც მას აქვს.

ამასთან, ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ ის აპირებს.

„ჩვენ ქართული კანონმდებლობით გვაქვს უფლება, რომ პროფესიული საიდუმლოება არ გავთქვათ. ეს არის პროფესიული საიდუმლოება, ვინაიდან, ჩვენ არ გვინდა, ასეთი პრეცედენტი შევქმნათ ქვეყანაში, რომ ანონიმური წყარო, სანდო წყარო აღარ მივიდეს საერთოდ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. ვინაიდან, მას ეცოდინება, რომ მისი ვინაობა იქნება გამჟღავნებული. ამის საშუალებას ჩვენ კანონი გვაძლევს და დარწმუნებული ვართ ამაში. გარდა წყაროსი, ჩვენ განცხადებაში გვიწერია კონკრეტული სახელები და გვარები, შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს საკმარისი საფუძველია, რომ დაიწყოს გამოძიება და დანარჩენი უნდა აჩვენოს გამოძიებამ”, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

 

კითხვა, თქვენ თავად ესაუბრა თუ არა წყაროს, ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ წყაროსთან ერთ-ერთ შეხვედრას თავადაც ესწრებოდა, თუმცა არ იცის წყაროსთან რამდენი შეხვედრა შედგა.

„მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ესწრებოდა შეხვედრას. არ ვიცი რამდენი შეხვედრა შედგა, მე მხოლოდ ერთს ვესწრებოდი და ეს წყარო ჩვენთვის არის სანდო, სანდო რომ არ ყოფილიყო რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციაზე არ ვისაუბრებდით”, – განაცხადა ნატროშვილმა.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება დაიწყო. გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ. პროკურატურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს.  გამოკითხვიდან გამოსული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ წყარო, რომელმაც პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე ინფორმაცია მიაწოდა, არ ესწრებოდა თათბირს, სადაც მათივე თქმით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაზე მსჯელობდნენ.

ამასთან, პროკურატურის განმარტებით, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება გრძელდება და დღეს საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს და ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთი წარმომადგენელი.