ყაჩაღობისა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გლდანში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1991 წელს დაბადებული შ.კ. თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს.

15 იანვარს, შ.კ. არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.კ თბილისში დააკავეს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ყაჩაღობას და პოლიციელზე თავდასხმას ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 353-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.