ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.თ.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან 09:40 საათამდე დროის შუალედში,  ზ.თ.  ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე  შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს რუსთავის ფილიალში  მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას  – 28 710  ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ზ.თ. 2017 წლის 29 მაისს რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.