შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული რ.ა. და 1973 წელს დაბადებული ჰ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში ნ.მ.-ს და ა.მ.-ს, რომლებიც „ბმვ“-ს მარკის ავტომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიემართებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ხუთი პირი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა მათ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ძალის გამოყენების მუქარით, 140 ათასი აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ასევე, პირადი ნივთები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა დაადგინეს. დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის – ნ.ს.-ს (ზედმეტსახელად ”გული”) დაჯგუფების აქტიური წევრები არიან.
სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი – რ.ა. და ჰ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში, ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი – 90 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ჯგუფის სხვა წევრების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).