წყნეთის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი გამოკითხვაზე იმყოფებოდა
წყნეთის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი გამოკითხვაზე იმყოფებოდა

წყნეთის ქუჩაზე, ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, თენგიზ გავაშელი აცხადებს, რომ გამოძიებას კითხვები 23 იანვარს, წყნეთის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდა.

„გამოძიებას მივაწოდე ინფორმაცია აღნიშნული ინცინდენტის შესახებ. საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს სრული დაცვით. მე დავიკითხე მოწმის სახით“,- განაცხადა გავაშელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

ავტორი: თათია ჩავლეშვილი