წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები ჩატარდა.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო.
„დღეს კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. ეს არის ბაგების გზაგამყოფი, რომელიც მოსაწესრიგებელი იყო. ამ პროექტის ფარგლებში, დღეს უკვე გადაადგილება კიდევ უფრო თავისუფლად არის შესაძლებელი, რადგან ავტობუსისთვის შესაბამისი ზოლი მოეწყო. გარკვეულწილად, პრობლემას წარმოადგენდა ასევე, უჩანეიშვილის ქუჩაზე ასასვლელი გზა. ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. როგორც კი ხიდის მშენებლობის სამუშაოები დასრულდება, შემდეგი ეტაპი იქნება გაგრძელებაზე, ბაგების მთლიანი მოწესრიგება თავისი ინფრასტრუქტურით – საპარკინგე ადგილებით და საფეხმავლო ბილიკებით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ მონაკვეთზე გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო შუქნიშნით დარეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელები და განახლდა ავტობუსის გაჩერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის. დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორი წილოსანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იმყოფებოდნენ.