წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში საპროტესტო აქცია გაიმართა
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში საპროტესტო აქცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი მიმდინარე სამუშაოებზე ნებართვის წარდგენას მოითხოვენ.

აქცია ნამოხვანის ჩანჩქერთან მიმდინარეობდა, რომელსაც ადგილობრივები სოფლის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩანჩქერი წყლით დაიფარება, შეიცვლება კლიმატი და ავარიის ან მიწისძვრის შემთხვევაში დატბორვა ქუთაისსა და სხვა მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს ემუქრება.

ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი ბუნების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის მარტში გასცა. მშენებლობას ეკოლოგები და სეისმოლოგები ეწინააღმდეგებიან. კომპანია „ენკას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ჰესის მშენებლობის  მოსამზადებელი სამუშაოები და კომპანია ყველა სამუშაოს ნებართვის თანახმად აწარმოებს.