წლის ბოლომდე წყალტუბოში დევნილებისთვის ორი კორპუსის მშენებლობა დასრულდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ ექვსი კორპუსის მშენებლობა, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლა ეტაპობრივად მოხდება.
როგორც საქართველოს პირველ არხს პროექტის განმახორციელებელი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, პროექტის ჯამური ღირებულება 32.5 მილიონ ლარზე მეტია და მისი დასრულების შემდეგ 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.
პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ხორციელდება. 2019-2020 წლებში ფონდი 135 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე. ჯამში პროგრამის ფარგლებში 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.