წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შენობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეწვია, რომელიც ადგილზე გაეცნო განახლებულ სასწავლო ინფრასტრუქტურას.

მინისტრი სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ახალ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და აღნიშნა, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს.

ალექსანდრე წულაძემ პედაგოგებთან მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დახვეწის საკითხები, სახელფასო პოლიტიკა, სკოლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ტყაჩირის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ესწრებოდნენ.

240 მოსწავლეზე გათვლილი სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება სამ მილიონ ლარამდეა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. ასევე, სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.