წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
წყალტუბოს #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ დღეს შემაჯამებელი ოქმის დაწერით უსამართლობა დაკანონდება.
„დღეს ვაპროტესტებთ შემაჯამებელი ოქმის შედგენას. იმ დროს, როცა ბევრი საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმი გვაქვს გასაჩივრებული სასამართლოში და იქედან არ არის პასუხი მოსული, შეუძლებელია შემაჯამებელი ოქმის დაწერა, მაგრამ ამას არ უყურებენ და მიმდინარეობს ოქმების ხელით გადასწორება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა საღარეიშვილმა.
საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია.