წყალმომარაგების სფეროში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორის, Aqualia-ს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ
საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანიის, FCC Aqualia-ს მენეჯმენტმა, ახალ აღმასრულებელ დირექტორთან, სანტიაგო ლაფუენტესთან, რეგიონულ დირექტორთან, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრესა და GGU ჯგუფისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან ერთად „ჯივიპის“ ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა და თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი ინვესტიციები განიხილა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონდოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეისყიდა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები FCC (51%) და IFM (49%) არიან.
ვიზიტის ფარგლებში FCC Aqualia-ს მენეჯმენტი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდა და ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
„Aqualia-ს და FCC-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობასა და თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის პრიორიტეტულობას Aqualia-სთვის. FCC Aqualia-ს მენეჯმენტი მზადაა, მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს „ჯივიპის“ მიმდინარე საქმიანობისა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება“, – განაცხადა GGU ჯგუფისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ FCC-ის ადმინისტრაციული და ფინანსური დირექტორი მიგელ მარტინეს პარა, FCC-ის იურიდიული დირექტორი ხოსე სერო რედონდო, FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, FCC Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, FCC Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი, FCC Aqualia-ს საერთაშორისო ბიზნესის მმართველი დირექტორი ლუის ფრანცისკო დე ლოპე ალონსო.