წყალმომარაგების კომპანიის ახალი უფროსი აცხადებს, რომ მისი დანიშვნა კომპანიის ახალ საფეხურზე გასვლას უკავშირდება
წყალმომარაგების კომპანიის ახალი უფროსი აცხადებს, რომ მისი დანიშვნა კომპანიის ახალ საფეხურზე გასვლას უკავშირდება

​გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ მანდარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მის დანიშვნასთან დაკავშირებით გუშინ მიიღეს.

მისივე თქმით, სამთო კურორტებზე კრიზისი ამ ეტაპისთვის გადალახულია.

„კრიზისი გადალახული იქნება იმ მენეჯმენტის პირობებში, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა. ვფიქრობ, წყალმომარაგების კომპანიამ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა და შეასრულა გასაკეთებელი.

დღეს, უბრალოდ, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ კიდევ ახალ საფეხურზე გადავიდეთ, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ კომპანია და მეტი გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს მომავალში პრობლემები“, – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. შპს-ს მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა. კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ, უკავშირდება თუ არა საკადრო ცვლილება ზამთრის კურორტების წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემას.