გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა გრძელდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა გრძელდება

გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქ გურჯაანში მდინარეების – ნავთისხევისა და ახტალისხევის ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ქალაქის ნაწილი დატბორა. წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა, გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა. კომპანიის ხელმძღვანელობა სტიქიის შემდეგ ადგილზე გაეცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მდგომარეობასაც.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის სერვისცენტრის თანამშრომლებთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩართული.

სტიქიის შედეგად გურჯაანის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.