წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის „რუსთავის წყლის“ მიერ განხორციელებული პროექტები ხოსე მიგელ სანტოსმა რუსთავის მერს გააცნო
წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის „რუსთავის წყლის“ მიერ განხორციელებული პროექტები ხოსე მიგელ სანტოსმა რუსთავის მერს გააცნო

კომპანია „რუსთავის წყლის“ მფლობელი GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი ქალაქ რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს შეხვდა და რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესრულებული პროექტები წარუდგინა.

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით რუსთავში, რათა ქალაქის მერს მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსთავში ვახორციელებთ. შეხვედრაზე ასევე წარმოვადგინეთ ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებზეც რუსთავის წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია „რუსთავის წყალმა“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი პროექტი, ხრამის სათავე ნაგებობაზე მდებარე მეხუთე შახტური ჭის რეზერვუარის კომპლექსური სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამყარდა ჭის დაზიანებული კედელი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატი. 15 ივლისიდან, საკონტროლო სამუშაობის დასრულების შემდეგ, მეხუთე შახტური ჭის რეზერვუარი ექსპლუატაციაში შევა და ქალაქ რუსთავს საათში 1130 მ3 წყლის მარაგი დაემატება. შედეგად, წყალმომარაგების ხარისხი რუსთავის მცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ.

„დღეს რუსთავის მერს გავაცანით კომპანია „რუსთავის წყლის“ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ განახლებული ინფორმაცია. ვისაუბრეთ მეხუთე შახტური ჭის აღდგენითი სამუშაოების დასრულებაზე, წყალმომარაგების ქსელის დეტალური შესწავლის მიზნით საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოების მიმდინარეობასა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტებზე“ – განაცხადა gwp-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ.