წყალდიდობის შედეგად პოლონეთში ქალაქი ლევინ ბჟესკი დაიტბორა, ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
პოლონეთის ქალაქ ლევინ ბჟესკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ლევინ ბჟესკის მერმა, არტურ კოტარამ მცხოვრებლებს საძილე ტომრებისა და საბნების მომარაგება ურჩია. მისივე თქმით, ქალაქში რამდენიმე ქუჩა უკვე დატბორილია.
ამასთან, ვროცლავში სანაპიროს ამაღლებას ცდილობენ, რათა მდინარე ბისტრიცას ადიდების შემთხვევაში ტერიტორია დაიცვან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანაპიროს ასამაღლებლად 40 000 ქვიშის ტომარა გამოიყენა.
ცნობისთვის, პოლონეთში ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე შლესკი დაიტბორა. პოლონეთმა ბუნებრივი კატასტროფების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან, ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დუნაის წყლის დონის აწევის გამო შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადებიან.