წყალდიდობის გამო, იაპონიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ასი ათასობით ადამიანია ევაკუირებული
წყალდიდობის გამო, იაპონიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ასი ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რასაც წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. დამეწყრილ რაიონებში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ყველაზე მეტად სტიქიამ იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ნაწილი დააზარალა. წყალმა მანქანები წაიღო, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის სკოლის მოსწავლე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ სახლების დატოვებისკენ 1,2 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწოდა, მათ შორის ისტორიული ქალაქი კიოტოს მცხოვრებლები.
უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ რამდენიმე ხიდი დაკეტა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში წარმოიშვა ტაიფუნი „მარია“, რომელიც ძლიერდება და შესაძლოა, მეოთხე კატეგორიის სიმძლავრის შტორმად ჩამოყალიბდეს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი კუნძულ ოკინავას სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს მომავალი კვირის დასაწყისში დაატყდება თავს.