წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „თავდაცვის კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტით იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახელწოდება და მას „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“ ერქმევა.
პროექტით განისაზღვრება 12-თვიანი ვადის შემცირებაც და მის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის ექვსი თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის რვა თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისთვის თერთმეტი თვე.
„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული სიახლეების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის პირველი იანვრიდან, ვინაიდან ამ პერიოდამდე უნდა განხორციელდეს შესაბამისი პერსონალის (ინსტრუქტორები) გადამზადება და ინფრასტრუქტურის მომზადება. ასევე, სხვა უწყებებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკონტრაქტო სამსახურით ჩანაცვლებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, მათ შორის ფინანსური უზრუნველყოფა.
იგეგმება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირების შრომის ანაზღაურების ზრდაც. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს კი შეუნარჩუნდება: სამუშაო ადგილი, დაწესებულების სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ანაზღაურება სახელმწიფო სამსახურში, ასევე მის სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში; სოციალური დაცვის გარანტიები. ამასთან, პირს, რომელიც გაწვეულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან დაასრულა იგი, კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაუფინანსდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ისარგებლებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით“, – აღნიშნულია პროექტში.