წვევამდელებს შესაძლებლობა ექნებათ, სავალდებულო სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოიხადონ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, წვევამდელებს შესაძლებლობა ექნებათ, სავალდებულო სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოიხადონ.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც რელიგიური, თუ სხვა მოსაზრებებით უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე.
„ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურად. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოისურვებენ გააგრძელონ სამსახური სახანძრო სამაშველო დანაყოფში, ისარგებლებენ შემდგომში გარკვეული პრივილეგიებით. წვევამდელები, რომლებიც უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატივას, რომ იმსახურონ ჩვენთან. ისინი არ მიდიან ჯარში, გარკვეული რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ უნდათ აიღონ იარაღი და ასე შემდეგ. ჩვენთან არ არის იარაღის აღების ვალდებულება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.