საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, მოვუფრთხილდეთ და დაიცვათ ის ისტორიული წარმატება, რასაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრების შესახებ საკანონდებლო ცვლილებები განიხილეს.
მისი თქმით, 2014 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში სახელის შეცვლის რეგულაციები გამკაცრდა. არსებული წესით, სრულწლოვანებისას შეუძლია სახელი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ. გვარის შეცვლის რეგულაციები კი, არ განახლებულა. პრაქტიკაში ამის გამო არაერთ ევროპულ ქვეყანაში პრობლემა დაფიქსირდა, ამიტომაც მინისტრის განცხადებით, ცვლილებების მიზანია, არსებული ლიბერალური წესი გამკაცრდეს.
თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის დეპუტატები აღნიშნულ რეფორმას მხარს დაუჭერენ.
„შემოთავაზებული ცვლილებებით, პირს კვლავ შეეძლება სრულწლოვანებისას მამობის საფუძვლის დადგენით, მიიღოს ბიოლოგიური მამის გვარი, როდესაც მაგალითად, ბიოლოგიური მამა უცნობია, ან გრაფა ცარიელია და სრულწლოვანი პირი დაადგენს მისი ბიოლოგიური მამის ვინაობას. ეს შესაძლებელი იქნება გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული პირი არის ძებნილი ქართველი სამართალდამცავი ორგანოების, ინტერპოლის თუ სხვა ქვეყნის სამართალდამცავების მიერ, ან სისხლის სამართლებრივი წესით დევნილი. როგორც კი ეს გარემოებები აღმოიფხვრება, გვარის შეცვლა მამობის დადგენის საფუძვლით შესაძლებელი იქნება“, – განმარტა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, ცვლილებებით, სრულწლოვანებისას პირს საშუალება ექნება ერთხელ გააკეთოს არჩევანი, მიიღოს თუ არა მშობელთა შეერთებული გვარი; ასევე, მიიღოს თუ არა პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავს გვარი – ბებია-ბაბუის ან ბებია-ბაბუის თაობამდე.
„ამის იქით აღარ, მაშინ როდესაც დღეს პირს შეუძლია ძალიან ბევრი და რამდენიმე ათეული გვარი აირჩიოს. ასევე, შესაძლებელია პირმა მიიღოს ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი, ან აღიდგინოს ისტორიული გვარი, ან შეართოს თავისი გვარი და აღმავალი ნათესავის შტოს გვარი და მათ შორის სრულწლოვანებისას არჩევანი გააკეთოს ერთხელ და არა თვეში ერთხელ, როგორც დღეს ხდება“, – გაანცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, მაგალითად, შარშან დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მოქალაქემ წელიწადში ოთხჯერ, სამჯერ, ორჯერ შეიცვალა გვარი. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სერიოზულ პრობლემას ქმნის დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შენგენის ზონასთან.
ამასთან, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ცვლილებები არ ეხება ქორწინება-განქორწინების შემთხვევებს და მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ ქორწინება-განქორწინებისას აირჩიოს მეუღლის გვარი ან შეართოს საკუთარი გვარი მეუღლის გვართან. თუმცა მეუღლის გვარის მიღებასთან დაკავშირებით არჩევანი ქორწინების მომენტში უნდა გაკეთდეს.
ამასთან, პირებს, რომლებმაც გვარი ერთხელ უკვე შეიცვალეს გასული წლის 28 მარტიდან, ანუ უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, აღარ ექნებათ გვარის კიდევ ერთხელ შეცვლის შესაძლებლობა. ხოლო მათ, ვინც 2017 წლის 28 მარტამდე სრულწლოვანებისას შეიცვალეს გვარი, აღნიშნული არჩევანის გაკეთების საშუალება კიდევ ერთხელ მიეცემათ.
„ვფიქრობ, მთლიანობაში, ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული მოდელი დღეს მოქმედი უკიდურესად ლიბერალური, თავისუფალი და ქაოტური რეგულაციებიდან, უკიდურესად მკაცრ რეგულაციებს შორის. ეს თითოეულ ჩვენგანს მოგვცემს შესაძლებლობას ვატაროთ ის გვარი, რომელიც ემოციურად ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არჩევანი გავაკეთოთ სრულწლოვანებაში ერთხელ“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, წულუკიანის თქმით, ცვლილებები ქვეყანას თავიდან აარიდებს პრობლემას, რომლის შემთხვევაში, შენგენის ზონიდან უკან გამობრუნებული პირები იცვლიან გვარს, იღებენ სხვა პასპორტს და შედიან ისევ შენგენის ზონაში, საიდანაც მათი გამოძევება ხდება.