WTA-ის სეზონის შემაჯამებელი ტურნირი გარბინე მუგურუსამ მოიგო #1TVSPORT
გარბინე მუგურუსა პირველი ესპანელი ჩოგბურთელი გახდა, ვინც ქალთა შორის სეზონის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. მექსიკის გვადალახარაში გამართულ ჩემპიონატში ესპანელმა საათსა და 39 წუთში მოუგო ესტონელ ანეტ კონტავეიტს – 6:3, 7:5. მუგურუსასთვის ეს არის მე-10 ტიტული WTA-ის ტურში.
პირველ სეტში ესპანელმა ჩოგბურთელმა სამი ბრეიკი შეასრულა და ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება, მეორეში 3:5 იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით დაასრულა მატჩი.
აქამდე WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ერთადერთი ესპანელი ჩოგბურთელი იყო ნამყოფი – 1993 წელს, არანჩა სანჩეს-ვიკარიომ გადამწყვეტი მატჩი დათმო გერმანელ შტეფი გრაფთან.
გვადალახარაში მუგურუსამ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი წააგო ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან, მაგრამ შემდეგ ზედიზედ დაამარცხა ჩეხი ბარბორა კრეიჩიკივა და კონტავეიტი და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თანამემამულე პაულა ბადოსას მოუგო.
ამ გამარჯვებით, მუგურუსა მესამე ადგილზე გადავიდა მსოფლიოს რეიტინგში, კონტავეიტი კი მეშვიდე ჩოგანი გახდა, რაც მისი კარიერის რეკორდია.