გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წნორში მრავალბინიანი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების მიღება 11 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
სამუშაოების ფარგლებში 24 კორპუსში მოეწყობა 500 მრიცხველი, კორპუსების წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი მაგისტრალი სიგრძით 2400 მ.
ამასთან, ინდვიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ, 1500-მდე ადგილობრივი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტი გახდება და სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა. სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ დასახლებას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
ასევე, წნორის დანარჩენ მოსახლეობას (7 000-მდე ადამიანი) ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა მოუგვარდა და უკვე ორი თვეა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.
ადგილობრივების სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქლორატოროს, მოეწყო ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს ხუთ მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.