წმინდა ვალენტინის დღე - რას უკავშირდება სიყვარულის დღედ წოდებული დღესასწაული
წმინდა ვალენტინის დღე - რას უკავშირდება სიყვარულის დღედ წოდებული დღესასწაული

14 თებერვალს მსოფლიო წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავს. სიყვარულის დღედ წოდებული დღესასწაული პირველად ინგლისში 1835 წელს აღინიშნა, 1847 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ პოპულარულ დღესასწაულად იქცა. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა მოსალოცი ბარათები რომანტიკური შინაარსის წარწერით, რომელზეც ანგელოზი, გული ან კუპიდონი იყო გამოსახული.

წმინდა ვალენტინის დღე მესამე საუკუნის მოწამეს, წმინდა ვალენტინს უკავშირდება. იგი რომის იმპერიაში ადრეულ ქრისტიანებს ჯვარს წერდა, 270 წლის 14 თებერვალს კი მას თავი მოკვეთეს. არსებობს ლეგენდა, რომ საპყრობილეში ყოფნისას წმინდა ვალენტინმა უსინათლო გოგოს მხედველობა დაუბრუნა, მოგვიანებით კი მას წერილი გაუგზავნა წარწერით „შენი ვალენტინი“.

ადრეულ შუა საუკუნეებში ვალენტინი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მე-20 საუკუნიდან მისი გარდაცვალების დღე სიყვარულის საერთაშორისო დღედ აღინიშნება.

ისტორიკოსებისა და ფოლკლორისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის სიკვდილით დასჯას არ უკავშირდება, არამედ ეს თარიღი პირობითად იქნა შერჩელი რომის იმპერიაში არსებული წარმართული დღესასწაულის, ლუპერკალიის ჩასანაცვლებლად. ლუპერკალია, იგივე ნაყოფიერების დღესასწაული 15 თებერვალს ღვთაება ფაუნუსის პატივსაცემად აღინიშნებოდა. ამ დღეს რომაელები წარმართ ღმერთს მსხვერპლს წირავდნენ. მე-5 საუკუნიდან ქრისტიანულ რომში ლუპერკალია აიკრძალა.