ვარშავის უნივერსიტეტში, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ, ცნობილ ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს თამილა მგალობლიშვილს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (გარდაცვალების შემდეგ) წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია მიანიჭა, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ყოლბაიამ მიაწოდა.
თამილა მგალობლიშვილი 1997 წლიდან ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის სამეცნიერო ცენტრს ხელმძღვანელობდა, რომელმაც მრავალი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო ისრაელში, იორდანიასა თუ თურქეთში ქართული მონასტერების, ხელნაწერების თუ ეპიგრაფიკის ნიმუშების გამოსავლენად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი ხელმძღვანელობით მოწყობილი ექსპედიცია ისრაელში 2001-2002 წ.წ, რომლის დროსაც წმინდა მიწის 40-მდე ეკლესია-მონასტერი გამოვლინდა, აღინუსხა და დაფიქსირდა 100-მდე ლაპიდარული თუ საღებავით შესრულებული ძველი ქართული წარწერა, აღმოჩნდა ქართული ხელნაწერები და საეკლესიო ნივთები.
თამილა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა გრიგოლ ფერაძის „იერიქონის ვარდები“, წმინდა მიწასა და სირიაში მოგზაურობის დღიური. მეცნიერი 2005-20018 წლებში ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლის კომისიის თანათავმჯდომარე იყო.
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ.
2019 წელს წმინდა გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავის იუბილე აღინიშნება.