წლიურმა ინფლაციამ აპრილში 12.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასებმა 1.8 პროცენტით მოიმატა
წლიურმა ინფლაციამ აპრილში 12.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასებმა 1.8 პროცენტით მოიმატა

2022 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასებმა 1.8 პროცენტით მოიმატა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები მკვეთრად გააძვირა.

უწყების ანგარიშის მიხედვით, ომის დაწყებამდე უკრაინა და რუსეთი, სხვადასხვა პროდუქტის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი მონაწილენი იყვნენ.

„მაშინ როდესაც COVID-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვები კიდევ მეტად შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა. შედეგად, მსოფლიოში ფასების ზრდის ახალი, მძლავრი ბიძგი წარმოიქმნა. ნავთობის, ხორბლის, შაქრის, მცენარეული ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები მკვეთრად გაიზარდა. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ინდექსი აპრილში წლიურად 29.8%-ით გაიზარდა. გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. საქართველოსთვის კი ეს გამოწვევა დამატებით სირთულეებს შეიცავს, რადგან უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქვეყნებია.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით ყველაზე საგრძნობი საწვავის გაძვირება იყო. საწვავზე ფასის მატების ჯამურმა გავლენამ თვის ინფლაციაზე 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. პურის, და ზეთის გავლენა შესაბამისად, 0.2 და 0.1 პროცენტულ პუნქტს უტოლდებოდა, რაც როგორც აღვნიშნეთ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ასახვაა.

წლიურ ჭრილში, სურსათის ფასების ზრდამ აპრილის წლიურ ინფლაციაში 6.2 პროცენტიანი წვლილი შეიტანა. აქედან გამოსარჩევია პურის (1.0 პპ), ყველის (0.5 პპ), კარტოფილის (0.5 პპ), ზეთის (0.2 პპ), პომიდორის (0.2პპ), ქათმის ხორცი (0.2პპ) შაქრის (0.2 პპ) გაძვირება.

საწვავის ფასების ზრდის წვლილი აპრილის ინფლაციაში ჯამში 2.0 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა.

მარტში კომუნალური ხარჯების ინფლაციაზე გავლენა ძირითადად ამოიწურა, 3.6 პროცენტიდან 0.5 პროცენტამდე შემცირდა და აპრილშიც იგივე დონეზე შენარჩუნდა“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

ამასთან, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.7 პროცენტს გაუტოლდა.

ამასთან, წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, შესაბამისად, 17.5, 6.0 და 1.9 პროცენტით გაძვირდა. მომსახურებაზე ფასებმა 6.5 პროცენტით მოიმატა.