ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ლიგის მიმდინარე გათამაშების რეკორდი დამყარდა – ფოთის „კოლხეთმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მეტოქეებმა ცხრა გოლი გაიტანეს.
ანგარიში ფოთელებმა 33-ე წუთზე ილია მიხალიოვის გოლით გახსნეს. მაგრამ მერე მეტოქეს კარი სამჯერ აიღეს ლაშა თოთაძემ (41), ოთარ კიტეიშვილმა (59) და ლევან ხარაბაძემ (69) და „დინამო“ 1:3 დაწინაურდა. ფოთელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – თავი 75-ე და მე-80 წუთებზე იაროსლავ კვასოვმა და ლუკა იმნაძემ გამოიჩინეს.
თუმცა, დარჩენილ წუთებში თბილისელებმა მეტოქე მაინც დაჯაბნეს, სამი გოლი გაიტანეს (მიხეილ ერგემლიძე – 82, ოთარ კიტეიშვილი – 84, ნიკა ნინუა – 89) და საბოლოოდ, არასაფეხბურთო ანგარიშით მოიგეს – 3:6.
ამ გამარჯვებით, „დინამომ“ 35 ქულა დააგროვა და ლიდერ „საბურთალოს“ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო გორის „დილას“ ქულით გადაასწრო. „კოლხეთი“ კი 14 ქულით მე-8 ადგილზეა.