მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 16.5 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უწყების ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.6 პროცენტი, 31-50 წლის ასაკის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.8 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.9 პროცენტით არის გაზრდილი. ამასთან, 2019 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტით არის გაზრდილი.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 67.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 413.8 ათასი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 16.5-პროცენტიან კლებას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი წილი – 19.9 პროცენტი აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტორთა უმრავლესობა, 45.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 43.8 პროცენტს შეადგენდა.
2019 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი – 52.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში.
ამასთან, 2019 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას საქართველოში გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.9 ღამე) 0.4 პროცენტით ნაკლებია.
განხორციელებული ვიზიტების 69.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებით ვიზიტს.
2019 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 4.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 2.6 ლარით გაიზარდა და 1 181.7 ლარი შეადგინა.