წლევანდელ რთველზე დაცული ადგილწარმოშობის ოთხი ზონიდან ყურძენს კადასტრის მიხედვით ჩაიბარებენ
წლევანდელი რთველის ფარგლებში ქინძმარაულის, ახაშენის, ყვარლისა და მუკუზანის დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებისთვის განკუთვნილი ყურძნის მიღება მხოლოდ კადასტრში რეგისტრირებული ვენახებიდან მოხდება, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში „რთველი 2019“-ის სამზადისი და ქართული ღვინის პერსპექტივები განიხილეს.
მეხუზლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლევანდელი რთველიც სახელმწიფოს სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ შარშანდელი რთველის წარმატება ღვინოზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა და დიდი ალბათობით, წლევანდელი რთველიც წარმატებით ჩაივლის.
„როგორც შარშანდელმა რთველმა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის რეკორდული მოსავალი – 230 ათასი ტონა მოვიწიეთ და სახელმწიფო სუბსიდირება პირველად სრულად გამოეთიშა ჩაბარების პროცესს, ყურძენი უდანაკარგოდ დაბინავდა. ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა მის მთავარ ნედლეულზე, ყურძენზე მოთხოვნის ზრდა. ექსპორტის ზრდამ, ტურიზმის განვითარებამ, ადგილობრივი მოხმარების განვითარებამ, ღვინის კულტურის ეტაპობრივად ზრდამ, ჯამში, ყველაფერმა განაპირობა ღვინოზე მოთხოვნა“, – განმარტა მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მოცემულ ეტაპზე თავი შეიკავა წლევანდელი რთველის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლის დასახელებისგან, თუმცა ვარაუდობს, რომ ყურძნის მოსავალი 150-250 ათასი ტონის ფარგლებში იქნება.
მეხუზლას შეფასებით, წლევანდელი რთველი გარკვეულწილად გამორჩეული იქნება, რადგან დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებისთვის განკუთვნილი ყურძნის მიღება მხოლოდ კადასტრში რეგისტრირებული მიკროზონების მიხედვით მოხდება. წელს კადასტრით ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ოთხ მიკროზონას ქინძმარაულს, ახაშენს, ყვარელსა და მუკუზანს შეეხება.
მეხუზლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კადასტრის მიხედვით ყურძნის ჩაბარება ღვინის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების გარანტია.
„ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წლევანდელ რთველზე იგეგმება. ზოგადად კადასტრი დარგის გრძელვადიანი მდგრადი განვითარების გარანტია, ვინაიდან ქვეყანა უზრუნველყოფს ღვინის მიკვლევადობას წარმოების მთლიანი ციკლის მანძილზე – ვენახიდან ბოთლამდე. ამ ყველაფრის საფუძველი არის კადასტრი. ზოგადად, მიკვლევადობა სურსათის უვნებლობის ერთ-ერთი კომპონენტია და ძალიან მნიშვნელოვანია დაცული ადგილწარმოშობის ღვინოების შემთხვევაში“,- განაცხადა მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, კადასტრის მიხედვით ყურძნის ჩაბარება დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს გაყალბებისგან დაიცავს.
„მაგალითად, საგარეჯოელი მევენახე საფერავის ჩაბარების დროს ვეღარ შეძლებს, რომ საკუთარ ვენახში დაკრეფილი ყურძენი ქინძმარაულის მიკროზონაში დაკრეფილად გაასაღოს“, – განაცხადა მან.
ლევან მეხუზლას განცხადებით, კადასტრირების პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად მთელს საქართველოს დაფარავს. შესაბამისად, კადასტრში რეგისტრირებული ვენახების არეალის გაფართოებასთან ერთად, კადასტრით ყურძნის ჩაბარების ვალდებულება ეტაპობრივად ყველა მიკროზონაზე გავრცელდება.