დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლიდან გაუჩინარებული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცს ახლობლები 9 მარტის შემდეგ ეძებდნენ.
ახლობლების ინფორმაციით, გეგეჭკორი წითელსოფელში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შვიდდღიანი ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წითელსოფლის მიმდებარედ, ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
„112″-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო. შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოები. შვიდდღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს”, – აცხადებენ შსს-ში.