წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი ანტარესი მოსალოდნელზე გაცილებით დიდი აღმოჩნდა
ასტრონომებმა წითელ სუპერგიგანტ ვარსკვლავ ანტარესის ატმოსფერო განსაცვიფრებელ, უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს.
ჩილეში განთავსებული ტელესკოპის, ALMA-სა და ნიუ-მექსიკოში განთავსებული VLA-ს გამოყენებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ანტარესის ატმოსფეროს ამ დროისათვის ყველაზე დეტალური რადიო-რუკა შექმნეს. უფრო მეტიც, ეს გახლავთ მზის გარდა სხვა ვარსკვლავისთვის ამ დრომდე შექმნილი ყველაზე დეტალური რადიო-რუკა.
ანტარესის დიამეტრი ხილულ სინათლეში მზისაზე 700-ჯერ მეტია; როგორც ახალი რუკიდან ირკვევა, რადიოსინათლეში ვარსკვლავის ატმოსფერო კიდევ უფრო დიდ მანძილზე ივრცობა. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ანტარესის ქრომოსფერო, ანუ გაზოვანი ფენა, რომელიც კორონასთან ერთად წარმოქმნის ვარსკვლავის გარე ატმოსფეროს, ვარსკვლავის რადიუსზე 2,5-ჯერ დიდ მანძილზე ივრცობა. შედარებისათვის, მზის ქრომოსფერო მისი რადიუსის მხოლოდ 0,5 პროცენტზე ივრცობა.
„ვარსკვლავის ზომა შეიძლება დრამატულად იცვლებოდეს, იმის მიხედვით, თუ სინათლის რომელ ტალღის სიგრძეში ვაკვირდებით. ტელესკოპ VLA-ს გრძელმა ტალღის სიგრძეებმა გამოავლინა, რომ სუპერგიგანტის ატმოსფერო ვარსკვლავის რადიუსზე დაახლოებით 12-ჯერ დიდია“, — ამბობს კვლევის ავტორი, დუბლინის მოწინავე კვლევების ინსტიტუტის ასტრონომი ეამონ ო’გორმანი.
რუკის შესაქმნელად, ALMA ტალღის მოკლე სიგრძეებში დააკვირდა ანტარესის ფოტოსფეროს, ანუ ფენას, საიდანაც მოდის ვარსკვლავის ხილულ ფოტონთა უმეტესობა. VLA-მ კი ვარსკვლავის გარე ატმოსფეროზე დაკვირვებები გრძელ ტალღის სიგრძეებში განახორციელა. რადიოტელესკოპები ვარსკვლავის ატმოსფეროში ასევე დააკვირდნენ გაზსა და პლაზმას, გაზომეს მათი ტემპერატურაც.
როგორც ჯგუფმა დაადგინა, ანტარესის ქრომოსფერო იმაზე ცივია, ვიდრე ამას წარსულში ჩატარებული ოპტიკური და ულტრაიისფერი დაკვირვებები მიუთითებდა — 3500 გრადუსი ცელსიუსი. ეს მაჩვენებელი ჩვენი მზის ქრომოსფეროსაზე მნიშვნელოვნად დაბალია, რომლის ტემპერატურაც თითქმის 20 000 გრადუსი ცელსიუსია.
„დავადგინეთ, რომ ვარსკვლავური ტემპერატურის თვალსაზრისით, ანტარესის ქრომოსფერო არა ცხელი, არამედ ნელთბილია. განსხვავებული შედეგი იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული რადიო-გაზომვები მგრძნობიარე თერმომეტრია ვარსკვლავის ატმოსფეროში არსებული გაზისა და პლაზმის დიდი ნაწილისთვის; წარსულის ოპტიკური და ულტრაიისფერი დაკვირვებები მგრძნობიარე მხოლოდ ძალიან ცხელი გაზისა და პლაზის მიმართ იყო“, — ამბობს ო’გორმანი.
მოწითალო ფერის ანტარესი ღამის ცის მე-15 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია; მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 550 სინათლის წლის მანძილზე, ღრიანკალის თანავარსკვლავედის მიმართულებით.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.