ვასო გოძიაშვილის სახელობის, იგივე ე.წ. წითელი პარკის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი 25 ივნისს დასრულდება.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყაზბეგის გამზირზე მდებარე აღნიშნული პარკის სრული რეაბილიტაცია წელს დაიწყება.
„საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, დაახლოებით 35 000 კვ.მ-ზე მეტი, რომელშიც მოეწყობა ორი საბავშვო-სათამაშო მოედანი, საპიკნიკო სივრცეები, ჭადრაკის დეკორაციული დაფა, ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი და სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის“, – განმარტა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, პარკის გარშემო დაგეგმილია 700 მ-იანი ველობილიკის მოწყობა.
„ვფიქრობ, ეს საჩვენებელი პარკი იქნება. მართლაც კარგი პროექტია წარმოდგენილი და ხუთი თვის განმავლობაში დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით დაინტერესდა სამშენებლო კომპანია „აქსისი“ და სურვილი გამოთქვა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს პროექტის განხორციელებაში.
„ჩვენ მივესალმებით ბიზნესის თანადგომას და მხარდაჭერას. არაერთხელ მითქვამს. მადლობა მინდა ვუთხრა კომპანია „აქსისს“ თანადგომისთვის და მივმართო ბიზნეს სექტორს, რომ მხარში დაგვიდექით. მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულის რეაბილიტაცია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია. დიდი იმედი მაქვს, ბევრი კომპანია გამოგვეხმაურება და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით გვაქვს მძიმე მდგომარეობა და მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საქალაქო პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება უკვე დაწყებულია, ასევე დაგეგმილია ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა.