წითელ ხიდთან ავტოავარიის შედეგად დაშავებული 11 ადამიანიდან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
რუსთავში, წითელ ხიდთან ავტოავარიის შედეგად დაშავებული 11 ადამიანიდან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, – ამის შესახებ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს.
მათი თქმით, შედარებით მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც სხვადასხვა სახის მოტეხილობა აქვთ. ექიმები აცხადებენ, რომ ოპერაცია ადგილზე ჩაუტარდებათ.
ამასთან, მათივე თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ. დაშავებულთა ნაწილს სავარაუდოდ, დღესვე გაწერენ.
წითელი ხიდის მაგისტრალზე ერთმანეთს სამარშუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ახლობლების განცხადებით, დაშავებულთა უმეტესობა მიკროავტობუსის მგზავრია. მსუბუქ ავტომობილში კი, მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.