სინგაპურში გაგრძელდა წლის შემაჯამებელი ტურნირი ქალებს შორის. პირველი ტურის მატჩები გაიმართა წითელ ჯგუფში. განსხვავებით პირველი დღისგან, ამჯერად ორივე შეხვედრაში სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო, რათა გამარჯვებული გამოვლენილიყო.
დღის პირველ შეხვედრაში დამარცხდა აშშ-ის ღიას გამარჯვებული ნაომი ოსაკა. ის 2 საათი და 26 წუთი ებრძოდა ამერიკელ სლოან სტივენსს და პირველ ორ სეტში დაძაბული თამაშის შემდეგ, მესამე პარტიაში განადგურდა – 5:7, 6:4, 1:6.
იაპონელმა 12-დან მხოლოდ ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი შვიდჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და ეს გახდა მარცხის მიზეზი. აგრეთვე, ოსაკას ცუდი სამსახური გაუწია ექვსმა ორმაგმა შეცდომამ.
ასევე ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა უიმბლდონის ჩემპიონის ანჟელიკ კერბერისა და ჰოლანდიელი კიკი ბერტენსის შეხვედრა და აქაც წააგო “დიდი სლემის” ტურნირის გამარჯვებულმა. გერმანელმა შესანიშნავად დაიწყო და პირველ სეტში გაანადგურა მეტოქე, მაგრამ მეორე და მესამე სეტებში ბერტენსი მეტოქეზე ერთით მეტ ბრეიკს აკეთებდა და 2 საათსა და 2 წუთში მოიგო – 1:6, 6:3, 6:4. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელმა მატჩი 12 ორმაგი შეცდომით დაასრულა.