ავსტრალიის ღია 2022 - ოლიმპიური ჩემპიონი ბრძოლას გამოეთიშა, ოსაკამ ორ სეტში მოიგო #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2022 - ოლიმპიური ჩემპიონი ბრძოლას გამოეთიშა, ოსაკამ ორ სეტში მოიგო #1TVSPORT

ავსტრალიის ღიას ქალთა ტურნირზე მესამე სათამაშო დღე დასრულდა. ტიტულის დასაცავად წარმატებით იბრძვის იაპონელი ნაომი ოსაკა. მან ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ერთი სეტის „მშრალი“ ანგარიშით მოგება. იაპონელმა საათსა და ექვს წუთში 6:0, 6:4 მოუგო ამერიკელ მედისონ ბრენგლს.

ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში იყო, რომელშიც ამერიკელმა ბრეიკით 4:3 დაწინაურება მოახერხა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი გეიმი წააგო. სხვათა შორის, ბრენგლს უფრო მეტი ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა, 10-დან ერთი შანსი გამოიყენა, ოსაკამ კი შვიდი ბრეიკპოინტიდან ხუთი ბრეიკი შეასრულა.

ქალთა ტურნირზე ერთი სენსაციაც მოხდა. ტოკიოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბელინდა ბენჩიჩმა ორ სეტში წააგო მსოფლიოს მე-60 ნომერთან, ამერიკელ ამანდა ანისიმოვასთან – 2:6, 5:7. სხვათა შორის, ორივე სეტში შვეიცარიელი ბრეიკით იგებდა, მაგრამ ორივეჯერ დასკვნით ნაწილში უკეთ ანისიმოვა თამაშობდა.

მესამე სათამაშო დღის შემდეგ ცნობილია 1/16 ფინალის რვა წყვილი:

ბარტი (1)-ჯორჯი (30)

ოსაკა (13)-ანისიმოვა

პეგულა (21)-პარისას დიასი

საკარი (5)-კუდერმეტოვა (28)

კრეიჩიკოვა (4)-ოსტაპენკო (26)

სვიტოლინა (15)-აზარენკა (24)

კისი-ვანგი

ბადოსა (8)-კოსტიუკი