„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელია იმარჯვებს
წინასწარი შედეგებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელია იმარჯვებს.
ელექტრონული ხმის მიცემის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას 64,9 პროცენტი აქვს, ხოლო ლევან ვარშალომიძეს 36,1 პროცენტი, პარტიის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
პარტია თავმჯდომარეს 27 დეკემბრის ყრილობაზე დაამტკიცებს. იქამდე კი, როგორც პარტიაში აცხადებენ, კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გადამოწმება ხდება, რათა გაყალბება გამოირიცხოს.
მათივე ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
„სპეციალური ჯგუფი, რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. ბოტების მონაწილეობა გამოირიცხოს“, – აცხადებენ პარტიაში.
პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც წინა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს პარტია დატოვა.