წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.7 პროცენტით გაიზარდა
2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია, – საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ ექსპრეს მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
უწყების მონაცემებით, მთლიანი ბრუნვიდან ექსპორტი იანვარში 262.6 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 10 პროცენტით მეტია. იმპორტმა კი, 619.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე თვის მაჩვენებელს 3.9 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.