წინასწარი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ექსპორტი 4.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6.7 პროცენტით გაიზარდა
წინასწარი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ექსპორტი 4.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 853.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0 პროცენტით მეტია.

წინასწარი მონაცემებით, მთლიანი საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 526.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 327.5 მლნ. აშშ დოლარს (6.7 პროცენტით მეტი). იანვარ-თებერვალში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 801.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია.

ამასთან, იანვარ-თებერვალში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 99.6 მლნ. აშშ დოლარით მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, მეორე ადგილზეა 89.2 მლნ. აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ხოლო მესამეზე – ფეროშენადნობები 42.4 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარ-თებერვალში წარდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 108.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 105.7 მლნ. აშშ დოლარით, მესამეს კი, ნავთობის აირები 104.4 მლნ. აშშ დოლარით.