წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოება შემცირდა, ბოსტნეულის კი - გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ხორბლის წარმოებამ 102.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება კი, 5.7 პროცენტით შემცირდა და 54.4 ათასი ტონა შეადგინა.
ერთწლიანი კულტურების წარმოების შესახებ 2019 წლის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
ამავე ინფორმაციით, 2019 წელს სიმინდის წარმოება 205.9 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 6.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 12.2 პროცენტით შემცირდა და 208.6 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში წარმოებულია 162.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2019 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები, გაიზარდა სიმინდისა და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.3 ტონა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.1 ტონა, სიმინდის – 2.8 ტონა, კარტოფილის – 11.6 ტონა, ბოსტნეულის – 10.1 ტონა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.4 ტონა, კომბოსტოს – 33.1 ტონა, ხახვის – 6.8 ტონა, თუმცა შემცირებულია კიტრის და ნივრის საშუალო მოსავლიანობები და შეადგენს კიტრის – 10.4 ტონა/ჰა, ხოლო ნივრის 2.4 ტონა/ჰა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 206.6 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით ჩამორჩება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 55.4 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.2 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 74.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 45.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 27.2 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 17.9 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 15.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 12.7 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 13.9 ათას ჰექტარს შეადგენდა.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში წარმოებულია 52.1 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 44.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 38.6 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (28.7 პროცენტით ნაკლები), 31.7 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (37.2 პროცენტით მეტი), 20.4 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (27.5 პროცენტით მეტი), 64.4 ათასი ტონა ციტრუსი (2.9 პროცენტით ნაკლები). ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს წარმოებულია 295.6 ათასი ტონა ყურძენი, რაც 13.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.