წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 8.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო რაოდენობა თვეში 992.9 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.2 მილიონ ვიზიტი განახორციელეს.
აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.6 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მონაცემებს.
საქსტატის ცნობით, 2019 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო რაოდენობა თვეში 530.7 ათასით განისაზღვრა, რაც 10.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ამასთან, 2019 წელს ვიზიტორების 36.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალთა რაოდენობა კი, მთლიანი ვიზიტორების 55.5 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 29.9 პროცენტი თბილისის მცხოვრებელია, 16.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.9 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარდგენილი.
წინასწარი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ვიზიტების უმრავლესობა, 51 პროცენტი მეგობრების ან ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.
გასულ წელს, ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 286.9 ათასია თვეში და იმერეთის რეგიონში – საშუალოდ 208 ათასი ვიზიტი თვეში.
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო ხარჯების მოცულობა თვეში 153.5 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 6.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 3.0 ლარით და 129.3 ლარს უტოლდება.