წინასწარი მონაცემების მიხედვით, სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია ლიდერობს
სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემების მიხედვით, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტია“ ლიდერობს.
როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ბიულეტინების ნახევრის დათვლის შემდეგ, „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ ხმების 47% აქვს და მოსალოდნელია, რომ პარლამენტში 250 ადგილიდან 130-ს დაიკავებს, ხოლო მთავარ ოპოზიციურ პარტიას „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, ამომრჩეველთა ხმების 23% ერგო.
პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა.
„ეს არის აბსოლუტური გამარჯვება, რომელიც ძალიან მახარებს“, – აღნიშნა ვუჩიჩმა თავისი პარტიის შტაბ-ბინაში, ბელგრადში.
მთავარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა უარყო მმართველი პარტიის საარჩევნო პროგნოზები და განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ხმების გაყალბებას.